[1] ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
[2] როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სუფთა სულიერი რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
[3] რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,
[4] რომელთანაც მიხვედით – ცოცხალ ლოდთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისაგან კი რჩეული და პატივცემულია.
[5] და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღვთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მეშვეობით.
[6] რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, რჩეულსა და ძვირფას ქვაკუთხედს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“
[7] ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივია იგი, ურწმუნოთათვის კი ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად,’
[8] და ‘შებრკოლების ქვად და წატყუების კლდედ’. ისინი ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის არიან განწესებულნი.
[9] თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ.
[10] ოდესღაც რომ არახალხი იყავით, ახლა ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც რომ არაშეწყალებულნი იყავით, ახლა შეწყალებულნი ხართ.
[11] საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც მწირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.
[12] კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
[13] დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას,
[14] განმგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად.
[15] რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
[16] იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
[17] ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
[18] მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი შიშით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც.
[19] რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
[20] რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე.
[21] ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
[22] რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;
[23] რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
[24] რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ.
[25] ცხვრებივით გზააბნეული იყავით და ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.