[1] რაკი ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან, ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა.
[2] რათა ხორცში დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით.
[3] რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში.
[4] ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ.
[5] ისინი პასუხს აგებენ იმის წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს.
[6] რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა ღვთის კვალზე სულში იცოცხლონ.
[7] მაგრამ ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.
[8] უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.
[9] იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.
[10] თვითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილმა მნეებმა.
[11] თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
[12] საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ.
[13] არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას.
[14] თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს. მათით იგმობა, თქვენით კი იდიდება.
[15] ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
[16] ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
[17] რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა, და, თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს?
[18] თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?
[19] ამიტომ ტანჯულებმაც ღვთის ნებისამებრ, თავიანთი სულები მიანდონ ჭეშმარიტ გამჩენს სიკეთის ქმნაში.