[1] სოფლის მძლეველი ჩვენი რწმენაა ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.
[2] ღვთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს.
[3] ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.
[4] ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა.
[5] ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
[6] ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა.
[7] რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია.
[8] და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია.
[9] თუ ვღებულობთ კაცთა მოწმობას, ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც დაამოწმა თავის ძეზე.
[10] ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე.
[11] ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.
[12] ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს.
[13] ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.
[14] და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
[15] ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.
[16] თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ, ილოცოს-მეთქი.
[17] ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა.
[18] ვიცით, რომ ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს; მაგრამ ის, ვინც ღვთისაგან იშვა, იცავს მას და ბოროტება ვერ ეკარება.
[19] ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი სოფელი ბოროტში ძევს.
[20] ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
[21] შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ!