[1] საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში.
[2] ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისაგან არის.
[3] ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია.
[4] თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო, და სძლიეთ მათ. რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც სოფელშია.
[5] ისინი სოფლისანი არიან, ამიტომაც სოფლისას ლაპარაკობენ და სოფელიც ყურს უგდებს მათ.
[6] ჩვენ ღვთისგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.
[7] საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
[8] ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
[9] ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ.
[10] ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.
[11] საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული.
[12] ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.
[13] ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის – ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა.
[14] ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად.
[15] ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.
[16] ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.
[17] სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას, რომ გულდაჯერება გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში.
[18] სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილ.
[19] ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
[20] თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?
[21] და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.