[1] ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.
[2] საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
[3] ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
[4] ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა.
[5] თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.
[6] ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას.
[7] შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
[8] ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.
[9] ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი.
[10] ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.
[11] რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
[12] ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.
[13] ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ სოფელს.
[14] ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
[15] ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია.
[16] ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის.
[17] ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
[18] ჩემო შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
[19] ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ გულს.
[20] ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
[21] საყვარელნო! თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, კადნიერება გვაქვს უფლის მიმართ.
[22] რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.
[23] ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გადმოგვცა მცნება.
[24] მისი მცნებების დამცველი რჩება მასში, ის კი – მასში. ის რომ ჩვენში რჩება, გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა.