Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:04

[1] იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე,

[2] რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ;

[3] იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.

[4] ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

[5] აჰა, ამბავი, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ: ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.

[6] თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან, ბნელში კი დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით.

[7] ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან.

[8] თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

[9] თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

[10] თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

იოანე მოციქულის პირველი წერილი — Chapters