Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:39

[1] შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე.

[2] ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ცოდვების მიმტევებელი.

[3] იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს.

[4] ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.

[5] ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ.

[6] ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

[7] საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის ის სიტყვა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან.

[8] ამასთანავე გწერთ ახალ მცნებასაც, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ბრწყინავს.

[9] ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი კვლავ ბნელში იმყოფება.

[10] ვისაც თავისი ძმა უყვარს, იგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში.

[11] ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის და არ იცის, საით მიდის, ვინაიდან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.

[12] თქვენ გწერთ, შვილნო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელისთვის.

[13] თქვენ გწერთ, მამანო, რადგან შეიცანით ის, რომელიც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს.

[14] მე მოგწერეთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან თქვენ შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს.

[15] ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.

[16] ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის.

[17] გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე.

[18] ყრმანო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია.

[19] ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.

[20] თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.

[21] იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და ისიც, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის.

[22] ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი.

[23] ყოველი, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.

[24] ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.

[25] ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა.

[26] ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.

[27] ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით.

[28] აბა, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შერცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას.

[29] თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.

იოანე მოციქულის პირველი წერილი — Chapters