[1] აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულნო და გვირგვინნო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო.
[2] ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
[3] შენ კი, ჩემო ერთგულო თანამშრომელო, შენც გთხოვ დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.
[4] მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
[5] თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის. ახლოა უფალი.
[6] არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს
[7] და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
[8] აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.
[9] რაც ჩემგან ისწავლეთ და მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
[10] მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვერ ახერხდებით.
[11] გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს.
[12] ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
[13] ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.
[14] ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი ჭირი რომ გაიზიარეთ.
[15] თქვენც იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დაწყებისას, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა.
[16] თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ,
[17] არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება.
[18] მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტოსისგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.
[19] ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში.
[20] ხოლო ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
[21] მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმანი.
[22] მოგიკითხავს ყველა წმიდა და უფრო მეტად კეისრის სახლიდან.
[23] უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან. ამინ.