[1] ამრიგად, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი მსგავსი რამის მოწერა საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
[2] ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ცუდ მუშაკებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
[3] ვინაიდან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – ღვთის მსახურნი სულით, ვადიდებთ ქრისტე იესოს და არ გვეიმედება ხორცი.
[4] თუმცა შემეძლო ხორცის იმედი მქონოდა. თუ სხვა ვინმე ფიქრობს ხორცის იმედზე, მე – მით უმეტეს.
[5] წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მე, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგანი, რჯულით ფარისეველი,
[6] მოშურნედ მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ.
[7] მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის.
[8] ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო
[9] და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით,
[10] რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, და მის სიკვდილს ვემსგავსო,
[11] რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
[12] არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ.
[13] ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის.
[14] ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში.
[15] ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
[16] ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
[17] ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ.
[18] ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
[19] მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
[20] რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს,
[21] რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის შესაფერისად, ძალისხმევით, რაც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.