[1] ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანამოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება,
[2] შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.
[3] არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
[4] თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
[5] თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია.
[6] რომელიც ღვთის ხატება იყო და, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას,
[7] არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.
[8] დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
[9] ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
[10] რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა,
[11] ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
[12] ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად.
[13] ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.
[14] ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
[15] რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
[16] სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა დავიკვეხო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღვწოდი.
[17] და თუ ვიღვრები თქვენი რწმენის მსხვერპლად ღვთისმსახურებაში, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად.
[18] ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
[19] იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
[20] ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
[21] იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
[22] თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე მსახურობოდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
[23] იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
[24] მჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან.
[25] საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემს საჭიროებაში.
[26] რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენთაგანის ხილვა და ძალიან შეწუხდა, რომ შეიტყეთ მისი ავადმყოფობა.
[27] რადგან დაავადდა და სიკვიდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დართვოდა.
[28] ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც მომკლებოდა დარდი.
[29] აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
[30] ვინაიდან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი.