[1] პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე,
[2] კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.
[3] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ.
[4] რომ გვესმის თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ,
[5] თქვენთვის ზეცაში გამზადებული სასოების გამო, რომელიც წინასწარ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
[6] რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ სოფელში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც იმ დღიდან მოკიდებული, რაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,
[7] როგორც ისწავლეთ ჩვენ საყვარელ თანამსახურ, ეპაფრასაგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,
[8] მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
[9] ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით,
[10] რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით,
[11] მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით.
[12] ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში,
[13] რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში,
[14] რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება,
[15] ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
[16] ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
[17] იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.
[18] ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
[19] რადგან მასში მოიწონა მთელი სისავსის დამკვიდრება,
[20] რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში.
[21] თქვენც, რომელნიც ოდესღაც იყავით გაუცხოებულნი და გონებით მტრები თქვენი ბოროტი საქმეების გამო,
[22] ახლა შეგირიგათ მისი სხეულის ხორცში, მისი სიკვდილით, რათა წარგადგინოთ თავის წინაშე წმიდები, უბიწონი და უბრალონი.
[23] ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების სასოებას, რომელიც თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
[24] ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენს გამო და ჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა,
[25] რომლის მსახურიც მე გავხდი საღვთო მნეობის მიხედვით, რომელიც ნაბოძები მაქვს თქვენი გულისთვის, აღსასრულებლად ღვთის სიტყვისა,
[26] საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,
[27] რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართებს შორის, რაც არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
[28] რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.
[29] ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.