[1] ბატონებო, მიაგეთ მონებს რაც სწორი და სამართლიანია, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
[2] იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით.
[3] ილოცეთ ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რომ ვაუწყოთ ქრისტეს საიდუმლო, რომლისთვისაც შებორკილი ვარ,
[4] რათა გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო.
[5] სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და მოივაჭრეთ ჟამი.
[6] თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.
[7] ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამშრომელი უფალში,
[8] რომელიც იმისათვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს
[9] ონისიმესთან, ერთგულ და საყვარელ ძმასთან ერთად, რომელიც თქვენიანია. ისინი გიამბობენ ყველა აქაურ ამბავს.
[10] მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად ტყვედ მყოფი, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთო.
[11] ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, ორივე წინადაცვეთილთაგანია. მხოლოდ ესენი იყვნენ ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი, მე რომ მანუგეშებდნენ.
[12] მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით.
[13] მე ვამოწმებ მასზე, რომ დიდი მოშურნეა თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკიელთათვის და იერაპოლელთათვის.
[14] მოიკითხეთ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემასი.
[15] მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნუმფა და მისი საშინაო ეკლესია.
[16] როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიიდან არის, თქვენც წაიკითხეთ.
[17] ასე უთხარით არქიპოსს: ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფლისგან მიიღე-თქო.
[18] მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან. ამინ.