[1] ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
[2] ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
[3] ვინაიდან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.
[4] როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.
[5] მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
[6] რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის,
[7] რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით.
[8] ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
[9] ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ.
[10] და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია ცოდნით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
[11] სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
[12] ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
[13] შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე – თქვენც.
[14] და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია.
[15] ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.
[16] უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო საგალობლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
[17] და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს.
[18] ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
[19] ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
[20] შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
[21] მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ.
[22] მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
[23] ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.
[24] იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით.
[25] ხოლო, ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს თავისი უსამართლობისათვის. და არ არის მიკერძოება.