Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:04

[1] მინდა, იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე.

[2] რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის,

[3] რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი.

[4] ამას იმიტომ გეუბნებით, რათა არავინ შეგაცდინოთ მაცდური სიტყვით.

[5] ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.

[6] ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში,

[7] ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში.

[8] გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ სიბრძნისმოყვარებითა და ფუჭი ცდუნებით, კაცთამიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ.

[9] ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.

[10] და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.

[11] თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით – ქრისტესეული წინადაცვეთით.

[12] მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით.

[13] თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგიტევათ ყველა შეცოდება.

[14] განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.

[15] განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.

[16] ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის.

[17] ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი – ქრისტესი.

[18] ნურავინ შეგაცდენთ სიმდაბლით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნებს თავისი ხორციელი გონებით.

[19] არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღვთისმიერი ზრდით.

[20] თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით ამ სოფლის წესებს, სოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ?

[21] ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები

[22] ნურაფერს, რაც იხრწნება ხმარებისაგან, კაცთა მცნებებისა და მოძღვრების თანახმად?

[23] ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანებით, სიმდაბლით და სხეულის დათრგუნვით, მაგრამ ყოველივე ეს არ არის გამიზნული ხორცის განცხრომის წინააღმდეგ.

პავლე მოციქულის წერილი კოლოსელთა მიმართ — Chapters