[1] ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო,
[2] რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა.
[3] ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
[4] მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე მპარავივით წამოგეწიოთ.
[5] ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი.
[6] ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.
[7] ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.
[8] მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის სასოების მუზარადი.
[9] რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
[10] რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
[11] ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
[12] გთხოვთ, ძმებო, სცანით თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი.
[13] უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. იყავით მშვიდობიანად ერთმანეთში.
[14] და აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
[15] თვალი გეჭიროთ, არ მიაგო ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას.
[16] მუდამ ხარობდეთ;
[17] ილოცეთ განუწყვეტლივ;
[18] მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში;
[19] სულს ნუ ჩააქრობთ;
[20] წინასწარმეტყველებას ნუ გააბიაბურებთ;
[21] ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ;
[22] ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
[23] თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მთლიანად: სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის.
[24] სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც.
[25] ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
[26] მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
[27] გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას.
[28] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.