Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 1:56

[1] ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, მოვისურვეთ ათენში მარტოდ დარჩენა

[2] და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, და ჩვენი თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,

[3] რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, თვითონ იცით, რომ ჩვენ საამისოდ ვართ დადგენილნი.

[4] ვინაიდან მაშინაც, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც ახდა კიდეც და თავადაც მოგეხსენებათ.

[5] ამიტომ ვეღარც მე შევძელი მეტის მოთმენა და გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განგცადათ მაცდურმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა.

[6] ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაგვიბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ – თქვენი,

[7] მაშინ თქვენით ვინუგეშეთ თავი, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით.

[8] რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.

[9] როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე,

[10] დღედაღამ მხურვალედ რომ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ, რაც აკლია თქვენს რწმენას.

[11] თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ.

[12] უფალმა გაგიზარდოთ და გიმატოთ სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენდამი,

[13] რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღვთის და მამის წინაშე, როცა მოვა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყველა თავის წმიდასთან ერთად.

პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ — Chapters