Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:06

[1] თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო.

[2] ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით.

[3] ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმიდურება და არც ცბიერება.

[4] არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს.

[5] რადგან არასოდეს გვილაპარაკია მოსაფერებელი სიტყვებით, როგორც იცით, ანგარების მიზნით. ღმერთია მოწამე.

[6] არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას – არც თქვენგან, არც სხვებისგან.

[7] თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს.

[8] ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ, გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის.

[9] ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის სახარებას.

[10] თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენდამი – მორწმუნეთა მიმართ.

[11] რადგან, თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს.

[12] განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ.

[13] ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებში.

[14] რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მობაძვნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, იესევე, როგორც მათ – იუდეველთაგან,

[15] რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან,

[16] გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მიეწევათ რისხვა საბოლოოდ.

[17] ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირისხილვას.

[18] ამისათვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ, თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.

[19] რადგან რა არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი? თუ არა თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას?

[20] ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ — Chapters