Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:18

[1] დაბოლოს, ძმებო, გევედრებით და შეგაგონებთ უფალ იესოში: ჩვენ გასწავლეთ თქვენ, როგორ გევლოთ ღვთის საამებლად, და აკი კიდევაც დადიხართ ასე, მაგრამ კიდევ წინ უნდა წახვიდეთ.

[2] რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალ იესოსგან,

[3] ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას,

[4] რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით,

[5] და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს.

[6] რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.

[7] ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურებისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ.

[8] ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს.

[9] ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში.

[10] რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, უფრო და უფრო

[11] და გულმდგინედ ეცადოთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ,

[12] რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ.

[13] გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც სასოება არ გააჩნიათ.

[14] ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად.

[15] რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს.

[16] ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან,

[17] მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.

[18] ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.

პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ — Chapters