[1] ამრიგად, გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით.
[2] იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით.
[3] ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.
[4] ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ.
[5] მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
[6] ვინაიდან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
[7] კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
[8] ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გაცხადებით მოსვლა.
[9] ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
[10] ვინაიდან დემამ შეიყვარა ეს საუკუნე, მიმატოვა მე და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას.
[11] მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის.
[12] ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
[13] მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები.
[14] მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთა მიხედვით.
[15] შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან იგი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს.
[16] ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
[17] ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას.
[18] დამიხსნის უფალი ყოველი ბოროტისგან და დამიცავს თავისი ცათა სასუფევლისათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
[19] მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი.
[20] ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმოსი ავადმყოფი დავტოვე მელიტონში.
[21] ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა.
[22] უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ.