Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:23

[1] ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება,

[2] ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

[3] მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი,

[4] გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა,

[5] რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე.

[6] ზოგიერთი მათგანი იპარება სახლებში და აცდუნებს უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ, და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ,

[7] რომლებიც მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შეცნობას.

[8] როგორც იანე და იამბრე წინააღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.

[9] მაგრამ ისინი მეტად ვეღარ წაიწევენ წინ, რადგან მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე, ისევე როგორც იმათ დაემართათ.

[10] შენ კი მე მომყევი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, ჭეშმარიტებაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში,

[11] დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა.

[12] და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება.

[13] ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან.

[14] შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია.

[15] რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით.

[16] მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში.

[17] რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.

პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters