Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:24

[1] ამიტომ, შენ, ჩემო შვილო, იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია.

[2] და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა.

[3] იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.

[4] არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს.

[5] ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს.

[6] მიწისმუშაკმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფებისაგან.

[7] დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.

[8] გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, ჩემი სახარების მიხედვით.

[9] რისთვისაც მე ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა შებორკილი არაა.

[10] ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად.

[11] სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ.

[12] თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.

[13] თუ ჩვენ არა გვწამს, იგი მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან საკუთარ თავს ვერ უარყოფს.

[14] ეს შეახსენე მათ და დაუმოწმე ღვთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო, სრულიად უსარგებლოდ, მსმენელთა შესაცბუნებლად.

[15] ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.

[16] მოერიდე უწმიდურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ.

[17] მათი სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს. ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი,

[18] რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას, ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და ზოგიერთებს ურღვევენ რწმენას.

[19] ხოლო ღვთის მტკიცე საფუძველი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.

[20] დიდ სახლში არ არის მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ.

[21] ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის.

[22] ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

[23] სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი შეხლა-შემოხლით თავდება.

[24] ღვთის მონას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე.

[25] სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,

[26] რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.

პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters