Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:38

[1] პავლე, ღვთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ.

[2] ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.

[3] ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წმიდა სინდისით, წინაპართა კვალზე, რომ განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.

[4] მენატრება შენი ნახვა, ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, რათა სიხარულით აღვივსო.

[5] ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის.

[6] ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.

[7] ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

[8] მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით,

[9] რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს.

[10] ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება,

[11] რომლის მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი.

[12] ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.

[13] ჩაეჭიდე საღი სიტყვების მაგალითს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია.

[14] შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული.

[15] შენ იცი ეს, რომ აზიაში მიმატოვა ყველამ, მათ შორის ფიგელოსმა და ერმოგენესმა.

[16] უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა,

[17] არამედ რომში მოსული გულმოდგინედ მეძებდა და მომნახა.

[18] მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი.

პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ — Chapters