Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:12

[1] სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც მიიღეს იგივე ძვირფასი რწმენა, რაც – ჩვენ ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:

[2] მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს ცოდნით,

[3] ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,

[4] რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.

[5] ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება და სათნოებას – ცოდნა,

[6] ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა,

[7] ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.

[8] ვინაიდან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში.

[9] ხოლო, ვისაც არ გააჩნია, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისგან.

[10] ამიტომ, ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,

[11] ვინაიდან ასე უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი.

[12] ამიტომ მუდამ შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.

[13] სწორად კი მივიჩნევ შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები.

[14] რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.

[15] ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.

[16] ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ.

[17] ვინაიდან მან მამა ღვთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.“

[18] ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით.

[19] ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

[20] ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.

[21] ვინაიდან წინასწრმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

პეტრე მოციქულის მეორე წერილი — Chapters