[1] იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს.
[2] მრავალნი მიჰყვებიან მათს თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.
[3] ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას მოძებნიან. დიდი ხანია, გამზადებულია მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს.
[4] რადგან, თუკი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ტარტაროზში ჩაყარა და წყვდიადის ჯურღმულებს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად,
[5] არც პირველი სოფელი დაინდო: რვა სული შეინახა და მათ შორის ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა სოფელს.
[6] სოდომსა და გომორას ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით გაკვეთილი მისცა მომავალ უღვთოებს,
[7] ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
[8] რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა.
[9] ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად,
[10] უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი,
[11] მაშინ, როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ მიიტანენ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელ ბრალდებას თავიანთ თავზე.
[12] ისინი კი, როგორც უგნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ,
[13] და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი, საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად.
[14] მათი თვალები აღსავსეა მრუშებით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა-კრულვის შვილნი არიან ისინი.
[15] მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბილყამ ბეყორის ძის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურების საზღაური,
[16] მაგრამ მხილებული იყო თავის ურჯულოებაში: უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე.
[17] ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათთვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი.
[18] ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
[19] თავისუფლებას პირდებთან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
[20] ვინაიდან, თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნით სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
[21] უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან.
[22] იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის.