[1] ამას უკვე მეორე წერილს გწერთ, საყვარელნო, და ორთავეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს,
[2] რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ.
[3] უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
[4] და ამბობენ: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული.“
[5] ისინი განზრახ ივიწყებენ იმას, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა, წყლისაგან და წყალით;
[6] და რომ მაშინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო.
[7] ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის.
[8] ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
[9] არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად.
[10] ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება.
[11] თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში,
[12] რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან.
[13] ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
[14] ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე,
[15] და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით,
[16] როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად.
[17] თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
[18] არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.