Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:15

[1] შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის.

[2] არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ.

[3] ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი.

[4] ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა,

[5] მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

[6] რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,

[7] რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.

[8] სარწმუნოა სიტყვა. მე მსურს, რომ შენ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.

[9] მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია.

[10] მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე.

[11] იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს: მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი.

[12] როცა გამოგიგზავნი არტემასს და ტვიქიკოსს, გამოეშურე ჩემსკენ ნიკოპოლისში, ვინაიდან იქ ვირჩიე დაზამთრება.

[13] დააჩქარე მათ გზაზე რჯულის მცოდნე ზენასი და აპოლოსი, რომ არაფერი აკლდეთ.

[14] ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.

[15] ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს შენ. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენით. მადლი თქვენთან ყველასთან. ამინ.

ტიტეს მიმართ — Chapters