Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:20

[1] პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენით და ჭეშმარიტების შეცნობით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,

[2] საუკუნო სიცოცხლის სასოებით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა.

[3] ხოლო თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვა ქადაგებაში, რომელიც მომენდო მე ჩვენი მაცხოვარი ღვთის ბრძანებით.

[4] ტიტეს, ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოსაგან.

[5] იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე.

[6] თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი.

[7] ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე,

[8] არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა,

[9] სარწმუნო სიტყვის მიმდევარი მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი.

[10] ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,

[11] რომლებსაც უნდა აეკრათ პირები. ისინი რყვნიან ყველა სახლს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებისთვის.

[12] ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა თქვა: „კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები“.

[13] ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა ისინი საღნი იყვნენ რწმენაში.

[14] ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.

[15] წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.

[16] ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

ტიტეს მიმართ — Chapters