Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:15

[1] აბა, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და განდიდდეს, როგორც თქვენს შორის არის,

[2] რათა განვერიდოთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველაში როდია რწმენა.

[3] მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან.

[4] ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ.

[5] უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში.

[6] ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.

[7] რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის.

[8] მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით.

[9] არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა.

[10] ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს,“

[11] რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს.

[12] ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.

[13] თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას.

[14] ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.

[15] ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

[16] თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

[17] მოკითხვა ჩემი, პავლეს, ხელით, რაც ნიშანია ყოველ ჩემს წერილში. მე ასე ვწერ.

[18] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.

პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ — Chapters