Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 1:54

[1] პავლე, სილოანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში:

[2] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

[3] ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეჰფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

[4] ისე რომ, თავადაც ვიკვეხნით თქვენით ღვთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ.

[5] ეს არის ღვთის სამართლიანი განკითხვის ნიშანი, რომ ღირსნი იქნებით ღვთის სასუფევლისა, რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც.

[6] რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,

[7] თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ

[8] და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,

[9] ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან.

[10] როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს, რათა იწამოთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ იმ დღეს.

[11] ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე.

[12] რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.

პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ — Chapters