[1] აჰა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,
[2] რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.
[3] არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა,
[4] წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.
[5] განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
[6] ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე.
[7] ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი.
[8] მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას,
[9] მას, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით,
[10] და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.
[11] ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე,
[12] რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა.
[13] ხოლო ჩვენ ყოველ ჟამს უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, რომ ღმერთმა დასაბამიდან ამოგირჩიათ დასახსნელად, სულის განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით,
[14] რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად.
[15] მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით.
[16] ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი,
[17] ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.