[1] იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
[2] გაგიმრავლდეთ წყალობა, მშვიდობა და სიყვარული.
[3] საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი მომეწერა თქვენთვის ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა.
[4] ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს მსჯავრდება, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღვთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.
[5] მინდა შეგახსენოთ, უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.
[6] ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი.
[7] როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი,
[8] ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ.
[9] მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისთვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“
[10] ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.
[11] ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი.
[12] ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი – ორგზის მომკვდარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი,
[13] მძვინვარე ტალღები ზღვისა, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
[14] ხანოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“
[15] რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ.
[16] ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ.
[17] თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული.
[18] ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.
[19] ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი.
[20] ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,
[21] დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.
[22] ერთნი – დაეჭვებულნი შეიწყალეთ.
[23] სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ და ხორცისგან გაბინძურებული პერანგი შეიზიზღეთ.
[24] ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე,
[25] ერთადერთ ბრძენს – ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.