[1] პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს – ჩვენს საყვარელსა და თანამშრომელს,
[2] და აპფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და შენს საშინაო ეკლესიას:
[3] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
[4] ვმადლობ ჩემს ღმერთს, ყოველთვის გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
[5] მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გაქვს უფალ იესოს და ყველა წმიდის მიმართ,
[6] რათა შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს შეცნობისას ყოველი სიკეთისა, რომელიც თქვენშია, ქრისტესათვის,
[7] ვინაიდან მე დიდი სიხარული და ნუგეში მქონდა შენს სიყვარულში, რადგან შენით გახალისდნენ წმიდათა გულები, ძმაო.
[8] ამიტომ, რაკი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რაც ჯერ არს,
[9] სიყვარულით გთხოვ უფრო, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი აგრეთვე ქრისტე იესოსთვის პატიმარი,
[10] გთხოვ ჩემს შვილზე, ონისიმოსზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში.
[11] იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი შენთვისაც და ჩემთვისაც გამოსადეგია, რომელსაც გიბრუნებ.
[12] ხოლო შენ მიიღე იგი, როგორც ჩემი გული.
[13] მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში,
[14] მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი.
[15] ვინაიდან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი,
[16] უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც.
[17] მაშ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, მიიღე ის, ვითომც მე ვიყო.
[18] თუ რამე გაწყენინა ან მართებს რაიმე, მე მომკითხე.
[19] მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით. მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი.
[20] მაშ, ასე, ძმაო, ვიხარებდე შენგან უფალში. გაახალისე ჩემი გული ქრისტეში.
[21] შენი მორჩილების სასოებით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ.
[22] ამასთან გამიმზადე ბინაც, ვინაიდან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეოხებით უკან დაგიბრუნდებით.
[23] მოგიკითხავენ შენ ეპაფრასი, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოს გულისათვის,
[24] მარკოზი, არისტარქოსი, დემა, ლუკა – ჩემი თანამშრომლები.
[25] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან. ამინ.